Scotch Diaries: Balvenie - მსოფლიოში ყველაზე ხელნაკეთი ვისკი
ამჯერად, საუზმის შემდეგ, Balvenie-ს დისტილერიისკენ დავიძარით. Balvenie იგივე კომპანიის (William Grant & Sons) ვისკის მეორე ბრენდია, რომელიც Glenfiddich-ის შექმნიდან 5 წელიწადში დაარსდა. ბალვენი მეტად პრემიალური ვისკია და კონცეფციაც განსხვავებული აქვს: აქ თითქმის ყველაფერი ხელნაკეთია!
ამ სილამაზეში ცუდს, უბრალოდ, ვერაფერს შექმნი!
Balvenie-ს საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ქერიც კი თავად მოყავს იქვე, დისტილერიასთან, არსებულ მიწის პატარა ნაკვეთზე.
ჩვენ, პირველ რიგში, ქერის საწყობი მოვინახულეთ. ასეთი ძველებური საწყობი სულ რამდენიმეა შემორჩენილი მსოფლიოში. მარცვლეულის დიდი მთები ნელნელა გასაღვივებლად სპეციალურ დიდ კონტეინერში თავსდება. გაღვივებული ქერი ჯერ ხის იატაკზე ნაწილდება და შრება. ქერს, შიგადაშიგ, ნიჩბით ურევენ. როდესაც ქერი მზადაა (ანუ მარცვალში წყლის შემცველობა იკლებს), იგი გასაშრობ ოთახში შეაქვთ. ამ ოთახის ქვეშ ნახშირის ღუმელია მოთავსებული. საინტერესო ისაა, რომ გლენფიდიხისგან განსხვავებით ბალვენისთვის განკუთვნილ ქერს, გაშრობის დროს, ნახშირთან ერთად ძალიან ცოტა ტორფსაც ურევენ, რაც, თითქმის შეუმჩნეველ, შებოლილ არომატს სძენს ვისკის.
(დააჭირეთ ფოტოს მეტი სურათების სანახავად. )
რადგან მე ყველაფრის გასინჯვის მანია მაქვს, ქერიც ყველა ეტაპზე გავსინჯე: გაუღვივებელიც, შემდეგ უკვე წყლით გაჯერებულიც და ბოლოს, გამშრალ-შებოლილიც. ეს უკანასკნელი ისეთი კარგი სასუსნავი იყო, რომ ყველანაირ პოპკორნს მირჩევნია, მე პირადად.
ბალვენის ვისკი გამოხდის სტანდარტულ ეტაპებს გადის (ვისკის წარმოებაზე დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ფუდოპიას პოსტი “რა არის ვისკი?”). სახდელი ქვაბები აქაც სპეციფიური ფორმისაა, ბალვენისთვის დამახასიათებელი, მომრგვალო თავით. სპილენძის ოსტატები ზრუნავენ, რომ მათი ქმნილება მუდმივად ფორმაში იყოს.
შემდეგ კი, დისტილატი იქვე დამზადებულ კასრებში ისხმება. ვისკისთვის კასრების დამზადება განსაკუთრებული ხელობაა და ბალვენის ამისთვის ცალკე ტერიტორია აქვს გამოყოფილი. ამ ადგილს Cooperage ქვია. აქ გამოცდილი თანამშრომლები კასრებს სათითაოდ აწყობენ. მასალა - მუხის კასრები, რომელშიც მანამდე ბურბონი/ხერესი/პორტვეინი/რომი ძველდებოდა. ძველი კასრები დაიშლება, შემოწმდება მათი ვარგისიანობა, განახლდება, შეიკვრება და გამოიწვება. (კასრების ცეხში საშინელი ხმაური იყო, ამიტომ ყველა თანამშრომელს ყურების და თვალების დამცავი უკეთია.) ხის ყოველი ნაჭერი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს. ოსტატები ეძებენ, სადაა Spirit Line, ანუ ოდნავ მუქი ფერის ზოლი, რომელიც მიგვანიშნებს თუ რამდენად გაჟღენთილია უკვე ხე ალკოჰოლით და დარჩა თუ არა მასში ვისკისთვის გამოსადეგი არომატები.
კასრების დამზადების პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა. როგორც დაადგინეს, ვისკი არომატების 65% იღებს კასრისგან და მხოლოდ 35%-ს საწყისი სპირტისგან.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბალვენის ყველა ვისკი ორ კასრში ძველდება, მათ ეტიკეტზეც აწერიათ Doublewood და კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელ კასრებშია ვისკი დაძველებული.
შემდეგი გაჩერება - ვისკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საწყობი! Warehouse N24 1892 წელს აშენდა და მას შემდეგ (ანუ 125 წელია!) უამრავ ვისკის ინახავს. სამწუხაროდ, საწყობებში გადაღების უფლება არ მოგვცეს, მაგრამ ინტერეტში მოვიპოვე იქაურობის სურათი. ამ საწყობში ერთ-ერთი კასრიდან ჩემი ხელით ამოვიღე ვისკი და ჩემითვე ჩამოვასხი პატარა ლამაზ ბოთლში. ეტიკეტზეც ამაყად დავაწერე ჩემი სახელი.
რამდენიმე კასრი გავხსენი და როდესაც ერთ-ერთს საცობი მოვხსენი და ცხვირი ჩავყავი, ვანილის ისეთი ინტენსიური არომატი მეცა სახეში, რომ მივხვდი, ზუსტად ის უნდა წამომეღო სახლში.
დისტილერიების დათვალიერების შემდეგ დეგუსტაციების დრო მოვიდა! სპეციალურ ოთახში ბალვენის ძირითადი ხაზის 4 ბოთლი დაგვხვდა (12,14,17 და 21 წლიანი დაძველებების).
ვისკის დაგემოვნების სწორი გზაც აგვიხსნეს:
- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ფორმის ჭიქა (საუკეთესო ვარიანტია Glencairn Glass)
- შემდეგ, აუცილებელია რამდენიმე წვეთი ოთახის ტემპერატურის წყლის ჩამატება, რათა არომატები “გაიხსნას” (ეს ცოტა მეუცნაურა)
- შემდეგ ვატრიალებთ (ღვინოსავით)
- ვუბერავთ ჭიქაში ცოტა ჰაერს (რომ ზედმეტმა ალკოჰოლმა არ დაგვიწვას ცხვირი)
- ვყნოსავთ
- და პატარა ყლუპებით ვაგემოვნებთ. ვცდილობთ ამოვიცნოთ არომატები.
არომატების “რუკაც” შეიძლება მოვიშველიოთ ამისთვის. როგორც ღვინოს და ყავას, ვისკისაც აქვს თავისი არომატების "ბორბალი".
ორმაგი დაძველების დამსახურებით, ბალვენის მეტი მოტკბო (ვანილი, კარამელი, დარიჩინი, შოკოლადი) არომატები აქვს, რაც მე ძალიან მომწონს. ხელმისაწვდომ ვერსიებში, 12 წლიანი დაძველების, ხოლო პრემიალურ სეგმენტში 21 წლიანი დაძველების Balvenie ჩემი ფავორიტები გახდნენ.
შთამბეჭდავი ტურის შემდეგ, ლანჩზე გლენფიდიხის კაფეში გადავედით. უშუალო, ინდუსტრიული სტილის კაფეა, მოკლე და მარტივი მენიუთი. ძალიან საინტერესოა, რომ ყველა კერძს ქვეშ უწერია, რომელი ვისკი მოუხდება მისაყოლებლად.
ადგილობრივი კერძების გასინჯვის შესაძლებლობას აქაც არ გავუშვებ ხელიდან.
პირველი, ტრადიციული თევზის სუპი - Cullen Skink (Cullen - იქაური ზღვისპირა სოფელია, Skink - სუპის შოტლანდიური შესატყვისი). ქალენ სქინქის ძირითადი ინგრედიენტებია: შებოლილი პიქშა (Haddock), კარტოფილი, ხახვი და რძე ან ნაღები. ვიცი, ძალიან უცნაურად ჟღერს შებოლილი თევზი და რძე ერთად, მაგრამ, დამიჯერეთ, ასეთი თბილი, კომფორტის მომგვრელი, ხავერდოვანი, არომატული და სასწაულად გემრიელი არაფერი მიჭამია ბოლო რამდენიმე თვეა. მთელს ზამთარს გავატარებდი ბუხართან ამ სუპის ჭამაში.
მეორე კერძი - ვისკიში გამოყვანილი და შებოლილი ორაგული. ვისკისთვის უკვე გამოუსადეგარი კასრების ნაწილებს თევზის/ხორცის შესაბოლად იყენებენ. ამასაც თავისებური ხიბლი აქვს. შოტლანდიური ორაგული საოცრად გემრიელია. ხორცის მოყვარული არ ვარ, თევზის ადგილობრივი კულტურის კი ნამდვილად შემშურდა. ზომიერად მარილიანი და ზომიერად ცხიმიანი იყო, პატარა სენდვიჩი და მდნარი ყველი მოყვებოდა. სრული ნეტარება!