მარილი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

ქართულ ენაში სიტყვა “უმარილო” ბევრად უფრო ფართე ცნებაა, ვიდრე მისი პირდაპირი მნიშვნელობა - ნატრიუმ ქლორიდის ნაკლებობა. ჩვენ ხშირად ვამბობთ ადამიანზე, ნივთზე, სიტუაციაზე  "მარილი აკლია" და ვგულისხმობთ, რომ მათ აკლიათ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი სრულყოფილებისთვის. 

რადგან არ მინდა, ჩემი ბლოგი უმარილო გამოვიდეს, პირველივე პოსტს მარილს ვუძღვნი.

პატარა რომ ვიყავი, ჩემი უფროსი და ხშირად მთხოვდა მარტივი დავალებების შესრულებას. როცა მიხვდებოდა, რომ თხოვნების ყველანაირი ლიმიტი ამოწურა, ამბობდა "ბარემ მადლს მარილი მოაყარე" და ესეც გამიკეთეო.  მახსოვს, აღშფოთებული ვიყავი ამ ფრაზის უმადურობის დონით! წარმოგიდგენიათ, მადლს რომ გააკეთებ და კიდევ მარილიც გაქვს ზედ მოსაყრელი?!

ისე, მარილი ცუდ კონტექსტშიც გვხვდება ჩვენს ენაში. “მარილზე გავიდა” ალბათ ყველამ ვიცით, რომ სიკვდილის სინონიმია. ამასთან დაკავშირებით ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს:

რაც შეეხება მარილს, ის აღზევანიდან მოჰქონდათ და ძალიან ძვირი ღირდა. აღზევანი დღევანდელი ბაქოს მიმდებარე ტერიტორიაა. მგზავრობა რთული იყო, ამიტომ მარილის მოსატანად ჯგუფი უნდა წასულიყო. ხშირად მეურმეებს თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ კიდეც. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა - „მარილზე გავიდა“.
— როზეტა გუჯეჯიანი

მარილით ვაჭრობა ბრინჯაოს ხანიდან დაიწყო და მას შემდეგ უამრავი “მარილის გზა” გაიკვალა დედამიწაზე. მარილი იმდენად იშვიათი და ძვირფასი ნივთიერება იყო, რომ მას ხშირად ოქროში, სპილოს ძვალში და მონებშიც კი ცვლიდნენ.

რამ გადარია მთელი მსოფლიო ამ თეთრ ფხვნილზე?

salt.jpg

გარდა იმისა, რომ მარილი თავის უნიკალურ გემოს მატებს საკვებს, იგი ასევე ამძაფრებს ყველა არსებულ არომატს, რაც კერძებს კიდევ უფრო გემრიელს ხდის. ქიმიურად ეს შემდეგნაირად ხდება: მარილის დამატება საკვებში “ათავისუფლებს” მეტ არომატულ ნივთიერებას და, შესაბამისად, ისინი მარტივად ხვდებიან ჩვენს ცხვირში და ენის რეცეპტორებზე. მარილი ასევე ამცირებს არასასიამოვნო სიმწარის გემოებს.

ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, კაცობრიობა ასეთი გურმანული თვისებებით გამოირჩეოდა, რომ "არომატების სიმძაფრეში" ცვლიდა თავის ავლა-დიდებას?

არა! მარილი არ არის ფუფუნების საგანი. მარილი არის ჩვენი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. ადამიანის ენაზე უამრავი რეცეპტორია, მაგრამ ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ 5 გემოს: 1) ტკბილი 2) მწარე 3) მჟავე 4) უმამი (ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ) 5) მლაშე. პირველი 4 გემო ბევრი სხვადასხვა ფორმით გვხვდება  საკვებ პროდუქტებში. მაგალითად: ხილი ტკბილია, წიწაკა მწარეა, ლიმონი მჟავეა, ხორცი - უმამი, ხოლო სიმლაშის შეგრძნება მხოლოდ უშუალოდ მარილით - ნატრიუმ ქლორიდის მიღებით შეგვიძლია. შესაბამისად, ალბათ, არალოგიკურია, ეს რეცეპტორები ტყუილ-უბრალოდ გვქონდეს ენაზე. 

მარილი ორგანიზმში წყლის ბალანსზეა პასუხისმგებელი. იგი აუცილებელია გულის ფუნქციონირებისთვის, ძვლებისთვის, საკვების მონელებისთვის და მრავალი სხვა პროცესისთვის, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს. მარილის მთლიანად ამოღება რაციონიდან ძალიან საშიშია და შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, კომა და საბოლოოდ სიკვდილიც კი. 

(გაითვალისწინეთ, მაღაზიებში ნაყიდ კონსერვებსა და დამუშავებულ ხორცპროდუქტებში საკმარისი ნატრიუმია და სიკვდილი არ გემუქრებათ, თუ აბსოლუტურად ყველაფერზე არ ამბობთ უარს.)

მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა ტექსტურისა და დანამატების მქონე მარილს მოიპოვებენ. ამ პროცესს “Salt Mining” ეწოდება.  ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული - ზღვის მარილია. ზღვის მარილზე ამბობენ, რომ ბევრად უფრო "ნაკლებად საზიანოა" ჯანმრთელობისვის, ვიდრე "სუფრის" ანუ ქვის მარილი. რეალურად, ზღვის მარილის და ნებისმიერი სხვა მარილის შემადგენლობა დიდწილად ერთნაირია. უბრალოდ მარილის დამუშავების პროცესი განსხვავდება - ზღვის მარილს ნაზად აშრობენ მზეზე და თითქმის არ ამუშავებენ, რაც მასში ბუნებრივ მინერალებს ინარჩუნებს. ქვის მარილი დამუშავებულია, ხშირად გათეთრებულია და ქიმიურად მოშორებული აქვს სხვა დამატებითი მინერალები. 

მიუხედავად ამდენი დადებითი თვისებისა, ჩვენ მარილს თეთრ სიკვდილს ვეძახით და გვჯერა, რომ იგი მავნეა ჯანმრთელობისთვის.

ამ ფაქტს ახალი კამპანიაც კი ადასტურებს, რომელიც ცოტაოდენი ხნის წინ გამოჩნდა მეტროს საგდურებში.

რატომ არის მარილი მავნებელი? ამ თემაზე ბევრ ინფორმაციას გავეცანი და ჩემი დასკვნაა - მარილი მავნე არ არის. მავნეა ყველაფერი, რასაც ჭარბი დოზით მოვიხმართ. მარილიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. რეალურად, არ არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მარილის მოხმარება იწვევს რაიმე დაავადებას (ძირითადად გულსისხლძარღვთა დაავადებებს აბრალებენ). (დეტალურად ამ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას) კვლევები ადასტურებს რომ ადამიანების მხოლოდ 8% არის სენსიტიური მარილის მიმართ. ალბათ ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის მიმართ. მარილს არ აქვს პირდაპირი კავშირი მაღალ/დაბალ წნევებთან. ხოლო ის ფაქტი, რომ საქართველოში მარილის მოხმარების და გულის დაავადებების პროცენტულობები - ორივე მაღალია, პირდაპირპროპორციულად არ ნიშნავს, რომ ეს არის მარილის ბრალი. ეს შეიძლება იყოს უამრავი სხვა მიზეზის ბრალი - გენეტიკის, გადამეტებული ალკოჰოლის, არასწორი ცხოვრების სტილის და ა.შ.

იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაცია იწვევს გულის დაავადებებს, ან კიდევ უფრო აბსურდული - მარილის მოხმარება იწვევს უმუშევრობას.

ასე რომ, ჯანმრთელობაზე ზრუნვის უკეთესი რეცეპტია:

  • კარგი ხასიათი
  • სუფთა ჰაერი
  • რეგულარული ვარჯიში
  • ბევრი ხილი და ბოსტნეული
  • საკმარისი ძილი
  • ცოტაოდენ მზის სხივები

და

მარილი გემოვნებით.

კვლიავი, ანუ ძირა?

კვლიავი, ანუ ძირა?