ყავა და კოფეინი
ყოველთვის მიყვარდა ადამიანების დაყოფა “ჩაისტებად” და “ყავისტებად”. ჩემს თავს პირველ კატეგორიას მივაკუთვნებდი და საკმაოდ მტრულად ვიყავი განწყობილი “ყავის ბანაკის” მიმართ. არაფრით არ მესმოდა ეს მწარე სასმელი როგორ შეიძლება გერჩივნოს არომატულ და სასიამოვნო დასალევ მწვანე ჩაის. (ამის მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ ჩემი ყავის არჩევანი მხოლოდ თურქული და ხსნადი ყავით შემოიფარგლებოდა, ეს ორი სახეობა კი აქამდე მძაგს.)
ასე 5 წლის წინ, როდესაც ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა და “აპარატის ყავაც” პოპულარული გახდა თბილისში, შეუმჩნევლად ჩაისტობიდან ყავისტობისკენ გადავინაცვლე. პირველადი მიზანი გამოფხიზლება იყო, ნელ-ნელა არომატების და ხარისხის გარჩევა დავიწყე, საბოლოოდ კი მივხვდი, თუ რატომაა მთელი მსოფლიო შეშლილი ამ სასმელზე.
ყავის მარცვლები - ნავთობის შემდეგ ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტია (Most traded commodity list). ამჟამად დაახლოებით 25 მილიონ ფერმერს მოჰყავს ყავა. აქედან 40% ბრაზილიაში იწარმოება, მას მოსდევს კოლუმბია და ვიეტნამი. თუმცა ყავის ისტორია არც სამხრეთ ამერიკიდან იწყება და არც აზიიდან. ლეგენდის თანახმად, ყავის მცენარე მე-9 საუკუნეში ეთიოპიელმა მწყემსმა აღმოაჩინა, როდესაც შენიშნა, რომ მისი თხები ნაყოფის ჭამის შემდეგ ზედმეტად აქტიურები ხდებოდნენ. ეთიოპიელებმა ამ დროიდან დაიწყეს ყავის ფოთლებისგან ნაყენის მომზადება და ამ გზით იფხიზლებდნენ თავს.
ყავის მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს კოფეინს: ფოთლები, ნაყოფი და მისი თესლი (რასაც ჩვენ ყავის მარცვლებს ვეძახით). ეს ნივთიერება მცენარისთვის მწერებისგან დამცავი ბუნებრივი მექანიზმია.
მე-14 საუკუნეში, იემენში გვხვდება პირველი დადასტურებული ფაქტი ყავის მოხალვის, დაფქვის და “მოხარშვის”. ყავის სახელიც არაბული qahwah-დან მოდის. (დიდი ხნის განმავლობაში ყავა მუსულმანურ სასმელად აღიქმებოდა და ევროპაში აკრძალულიც კი იყო.)
კოფეინი
როგორ გახდა ყავა ასეთი პოპულარული სასმელი? ალბათ ამაში უდიდესი წვლილი კოფეინს მიუძღვის. კოფეინი - ამჟამად ყველაზე ხშირად მოხმარებადი “ნარკოტიკია”. იგი მოქმედებს ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გვაფხიზლებს, ასწრაფებს რეაქციის დროს, ტონუსში მოჰყავს კუნთები და ენერგიის მოზღვავებას იწვევს.
მოძველებული და არაზუსტი კვლევების შედეგად ბევრი წელი ყავას აბრალებდნენ, რომ იგი იწვევს დეჰიდრაციას (ანუ გაუწყლურებას), მაგრამ ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ეს ასე არაა.( იხილეთ სტატია დეტალებისთვის.) გარდა კოფეინისა, ყავა შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მრავალ დაავადებას გვაცილებს თავიდან.
მაგრამ! არის რიგი კვლევები, რაც ადასტურებს, რომ კოფეინი იწვევს კალციუმის განდევნას ორგანიზმიდან. ასე რომ, ვისაც ჩემსავით გიყვართ ყავა (ან ჩაი), გირჩევთ პერიოდულად მიიღოთ კალციუმის შემცველი აბები.
კოფეინის დოზის გადაჭარბება საკმაოდ რთულია, ლეტალური შედეგი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ზედიზედ 100 ჭიქა ყავის დალევის შემდეგ.
ალბათ, თქვენც არაერთხელ გაგიგიათ ფრაზა: “ჩაიში მეტი კოფეინია, ვიდრე ყავაში”. ეს ფაქტი ყოველთვის მაეჭვებდა, რადგან ჩაის დალევას და ყავის დალევას სრულიად განსხვავებული შედეგები მოაქვს ჩემთვის. თურმე რაშია საქმე: ჩაის ფოთლებში მეტი კოფეინია(2-3%), ვიდრე ყავის მარცვლებში (1-2%), მაგრამ დაყენების პროცესში ჩაი ნაკლებ კოფეინს გამოყოფს, ხოლო ყავის მარცვლები - მეტს. შესაბამისად უკვე იმ სითხეში, რომელსაც მივირთმევთ, ყავის შემთხვევაში დაახლოებით 2-3-ჯერ მეტი კოფეინის შემცველობაა, ვიდრე ჩაიში. (ისე, ჩაიში და კოკა კოლაში დაახლოებით ერთი ოდენობის კოფეინია)
როგორც ყველა ნარკოტიკი, კოფეინი იწვევს დამოკიდებულებას. ბოლო წლებია ყავას ყოველდღიურად მოვიხმარ და მაინტერესებდა რამდენად გამიჭირდებოდა მისთვის თავის დანებება. ექსპერიმენტის ფარგლებში 10 დღის განმავლობაში არ დამილევია არცერთი ჭიქა ყავა. პირველი 3 დღე ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან ფიზიკური სიმპტომები აშკარა იყო: თავის ტკივილი, გაბრუება, სისუსტე. პრინციპში, ზუსტად ამ პერიოდს ასახელებენ ექიმებიც კოფეინისგან ფიზიკური დამოკიდებულების თავის დაღწევის ვადად. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება 10 დღის განმავლობაში არაფრით გამიქრა. ძალიან ხშირად მეფიქრებოდა ყავაზე და რამდენჯერმე დამესიზმრა კიდეც. ამას, ალბათ. ბევრად მეტი დრო სჭირდება, მაგრამ რადგან მე არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ერთი (ან ორი) ჭიქა ესპრესო არ დავლიო დღის პირველ ნახევარში, ბედნიერად განვაახლე ჩემი ნარკოტიკის მოხმარება.
ამასწინათ ჩემს ნაცნობ ბარისტას ძალიან სახალისო შეკვეთა მისცა სტუმარმა: კაპუჩინო უკოფეინო ყავით, სოიოს რძით და დიაბეტური შაქრით! რა თავნებობაა, როდესაც დიაბეტი გაქვს, კოფეინის და ლაქტოზის აუტანლობა გჭირს და მაინც გინდა კაპუჩინოს დალევა! ეს ისტორია უკოფეინო ყავამ გამახსენა, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად აბსურდული რამეა.
რას ნიშნავს უკოფეინო ყავა? რადგან ზოგი ადამიანი შეიძლება ზედმეტად სენსიტიური იყოს კოფეინის მიმართ, ან უბრალოდ სურდეს ბევრი ყავა მიირთვას გულის აჩქარების გარეშე, მეცნიერებმა ყავიდან კოფეინის “განდევნის” გზები იპოვეს. ზოგი მეთოდით, ყავის მარცვლებს წყალში ალბობენ და კოფეინის დიდი ნაწილი წყალში რჩება. უახლესი მეთოდებით, ყავის მარცვლებს ნახშირორჟანგით ამუშავებენ და ასე აცლიან კოფეინს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უკოფეინო ყავა არ ნიშნავს რომ მასში საერთოდ არ არის კოფეინი. ყავაში მაინც დარჩენილია კოფეინის 2-3%.
ყავის ჯიშები
სანამ ყავას შევუკვეთავ უცნობ/ახალ ადგილას, ყოველთვის ვეკითხები, თუ რა ყავა აქვთ. რაზეც ძირითადად აღშფოთებულები მპასუხობენ: “არაბიკა!”. ეს კი ჩემთვის სრულიად არაფრის მომცემი პასუხია.
ყავის ორი გავრცელებული სახეობა არსებობს - არაბიკა და რობუსტა. პრიმიტიულად რომ ვთქვათ, არაბიკა მეტად არომატული, მომჟავო და დახვეწილია, რობუსტას - მომწარო გემო ახასიათებს და ნაკლები არომატები. ყავის კომერციული კომპანიები ძირითადად მათ ნაზავს (ბლენდს) იყენებენ ხოლმე. პირველ რიგში იმიტომ, რომ რობუსტა უფრო იაფია, მეორე რიგში იმიტომ, რომ რძიან ყავაში რობუსტას გემო ნაკლებად “იკარგება” ვიდრე არაბიკასი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ყავის მარცვლები არის “არაბიკას” ჯიშის ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის კარგია, ყავის მარცვლების ხარისხის დიდი სპექტრი არსებობს და დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, გამოშრობის და მოხალვის ტექნოლოგიაზე და სხვა.
ხსნადი ყავა
და ბოლოს, ხსნადი ყავა - ყავის სწრაფი ვერსია. მეცნიერებმა იზრუნეს, რომ ყავას დაუკარგონ რიტუალობა, რომანტიკა და ამით დაზოგონ თქვენი დრო და დააზიანონ ჯანმრთელობა. ხსნადი ყავა არის წინასწარ მომზადებული გაფილტრული ყავა, რომელსაც აშრობენ (ან Spray ან Freeze Dry მეთოდით) და აფასოებენ. მომზადების პროცესში არომატების, სასარგებლო ნივთიერებების და კოფეინის დიდი ნაწილი იკარგება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მხოლოდ ყველაზე უხარისხო ყავის მარცვლებს იმეტებენ ხსნადი ყავისთვის. ასევე, პროდუქტის მოხმარების ვადის გასაზრდელად დამატებული ნივთიერებები მავნებელია ჯანმრთელობისთვის. მოკლედ, არანაირი სიკეთე არ მოაქვს ხსნად ყავას: არც გემრიელია, არც სასარგებლოა, არც საინტერესოა, არც საკმარისად აფხიზლებს. ყავის მომზადების უამრავი სხვა მეთოდი არსებობს, რომლითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხსნადი ყავა. ამ მეთოდებზე სხვა დროს დავწერ.
მანამდე კი ჩემი დილის რიტულურ ესპრესოს მოვიმზადებ.