Foodopia პარიზში

Foodopia პარიზში

პურის, კრუასანების, პარფუმის და მარიხუანას სუნით გაჟღენთილი აღმოჩნდა პარიზის ქუჩები. შენობების პირველი სართულების ნახევარი კაფე-რესტორნებს უკავია, მეორე ნახევარი - ბუტიკებს და გალერეებს. აქ ყველა ქვეყნის სამზარეულოს იპოვით, მაგრამ ფრანგული სტილის ბრასერიები და ბისტროები ყველაზე ხშირად მოგხვდებათ თვალში. საფრანგეთი კულინარიის და რესტორნების სამშობლოა, ბევრი ბრასერია მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ამ დრომდე არ წყვეტს მოღვაწეობას.

პარიზი ძალიან დიდი ქალაქია და წინასწარ საგულდაგულოდ შედგენილი დაწესებულებების სიიდან მხოლოდ პატარა ნაწილის მონახულება მოვასწარი, მაგრამ ესეც საკმარისია პირველადი შთაბეჭდილებებისთვის.

ბრასერიები და ბისტროები, მჭიდროდ განლაგებული პატარ-პატარა მაგიდებით და ვიწრო გასასვლელებით, ჩემთვის საფრანგეთის სავიზიტო ბარათია. ყველა საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უდნა შეადგათ ფეხი რესტორანში, მისი შეფასებების წინასწარი მოკვლევის გარეშე. (მე მხოლოდ Time Out-ს ვენდობი ამ საკითხში.) ასეთი დაწესებულებები მხოლოდ სადილზე და ვახშამზე იხსნებიან და შუალედში 3-4-დან 6-7-მდე შესვენება აქვთ, ამ დროს არ უნდა დაამთხვიოთ მოშიება. მიუხედავად იმისა, რომ მიმტანები თავისუფლად და უპრეტენზიოდ საუბრობენ ინგლისურად, მენიუ ძირითადად მხოლოდ ფრანგულ ენაზე აქვთ. აი, აქ კი ნამდვილად გამომადგა ჩემი ორი კაკალი ფრანგულის ცოდნა.

რა დამამახსოვრდა იმ ადგილიდან და კერძებიდან სადაც ვიყავი და რაც გავსინჯე?

  • Le Comptoir du Relais  (პოსტის ქავერზე) - ცნობილი ბრასერია, სადაც გაგვიმართლა და დაგვხვდა ადგილი. ყველაფერი, რაც ვჭამეთ ძალიან გემრიელი იყო: მწვანე ბარდის სალათი არომატული პიტნით, საქონლის ხორცის წვნიანი კერძი და დესერტად, ვაშლის ტარტი ვანილის ნაყინით. ნაყინიც ადგილზე იყო დამზადებული და ვანილის ჩხირების პატარ-პატარა შავი წერტილებიც ეტყობოდა. სერვისი ძალიან სწრაფი, უშუალო და თავდაჯერებული. 5/5

 

  • Boullion Chartier - 1898 წელს დაარსებული ბრასერია, რომელიც ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული. ფართე, მაღალჭერიანი, ნათელი და ლამაზი. დიდი და ნოყიერი პორციებით, მისაღებ ფასად. მიმტანები საკმაოდ ხანშიშესულები იყვნენ და საუკეთესო მომსახურება გაგვიწიეს მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ ბუზღუნა ფრანგ ბიძებსაც თავისი ხიბლი აქვს ასეთ ადგილას. ვიდეო ჩართვა ბრასერიიდან შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე. 4/5

  • Gallery Lafayette-ს კაფეტერია - სავაჭრო ცენტრი გალერი ლაფაიეტი სავსეა Luxury ბრენდებით, ვერასდროს იფიქრებ, რომ ამავე შენობაში არის უდიდესი ფუდ კორტი, სადაც ყველაფერი ასეთი გემრიელი და იაფია. (იაფი პარიზის გადმოსახედიდან, რადგან პარიზში ყველაფერი სასწაულად ძვირია. მაგალითისთვის, ლანჩი 26 ევროდ აქ იაფად ითვლება). ჩემს თვალწინ მომზადებული ბავეტის სტეიკი კარაქის სოუსით და ფრანგული კარტოფილი ავიღე. სახლურად გემრიელი იყო. “ფრის” საფრანგეთში გაყინული კარტოფილისგან არ ამზადებენ და ეს გემოზეც ეტყობა. კანიც აქვს ზედ შერჩენილი, უფრო სქლადაა დაჭრილი და “არაფასტფუდური” გემო აქვს. 4/5

 

  • Creperie Chez Georges -  ანუ კრეპერია “გიორგისთან”. საფრანგეთში მარილიან (Savory) კრეპებს ძირითადად წიწიბურის ფქვილისგან (Sarrasin) აკეთებენ. ჟორჟს პატარა დახლი აქვს იქაური რესპუბლიკის მოედანთან და ღვთაებრივ კრეპებს ამზადებს. 5/5

  • ლოკოკინები - მწვანილების, ნივრის და კარაქის სოუსით ამზადებენ. ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ ძალიან, ძალიან გემრიელია. ალბათ ძირითადად სოუსის დამსახურებაა, რადგან თვითონ ლოკოკინას რაიმე გამოკვეთილი გემო არ აქვს, ცოტა თევზის და ქათმის არომატები აქვს და საინტერესო კონსისტენცია.
  • ხამანწკები - ადრე გასინჯული მქონდა და პირველად საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. მახსოვს, საერთოდ ვერ შევჭამე და 1 წელი ზიზღით მახსენდებოდა. მაგრამ, ჩემი იდეოლოგიით, ყველაფერს მინიმუმ 2 შანსი უნდა მისცეთ. დიდი ალბათობით, ის პირველი ხამანწკი თავად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და მაგიტომაც არ მომეწონა. მეორე ცდაზე აზრი შემეცვალა. ძალიან სასიამოვნო ოკეანის არომატი ქონდა და ნაკლებად შემწუხებელი უმი თევზის გემო.

საცხობი სახელად “პური და იდეები” - Du pain et des idees. Time Out-ს თუ დავუჯერებთ, ამ საცხობში ერთერთი საუკეთესო კრუასანი ცხვება. მართლაც გამორჩეულად გემრიელი ცომი ქონდა კრუასანს! არც ძალიან თხელი, არც ძალიან სქელი, არც მშრალი, არც ზედმეტად ცხიმიანი, ჰაეროვნების და ნოყიერების სწორი ბალანსი იყო დაჭერილი. რასაც დავაკვირდი, ფრანგები ყველა გამომცხვარ პროდუქტში ფენოვან ცომს იყენებენ, მაგრამ ცომის ფენოვნება არაა შემაწუხებელი (უაზროდ არ იფხვნება).

 

დესერტი პარიზში მოდის ნაწილია. სამკაულების მაღაზიებს უფრო გავს მაკარონების და ეკლერების დახლები, სეზონური კოლექციები აქვთ და ლამაზი შეფუთვები. (ფასებიც შთამბეჭდავია). ორი ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილი, რომელიც მოვინახულე:

  • Pierre Herme-ს მაკარონების დახლი - 20-ზე მეტი სახეობის ფერად-ფერადი მაკარონები (ნუშის ფქვილით დამზადებული ფრანგული დესერტი, სხვადასხვა შიგთავსით) მსოფლიოში საუკეთესო შეფ-კონდიტერისგან. ეს ტიტული მას 2016 წელს სან-პელეგრინოს დაჯილდოებაზე ხვდა წილად (რაც ამ ინდუსტრიაში ოსკარის ტოლფასია). მაკარონების დეგუსტაციის ვიდეო იხილეთ აქ.

 

  • Alain Ducasse-ს ხელნაკეთი შოკოლადის სახელოსნო. ალან დიუკასი ფრანგი შეფ-მზარეულია, რომელსაც რამდენიმე მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანი აქვს მსოფლიოს მასშტაბით. ეს პატარა შოკოლადის სახელოსნო ალბათ უბრალოდ გულის გასახარებლად აქვს გაკეთებული და ეს სიყვარული იგრძნობა კიდეც სახელოსნოსთან არსებულ პატარა მაღაზიაში. შოკოლადების დეგუსტაციის ვიდეო იხილეთ აქ.

ყავა? ფრანგები ყავას პატივს არ სცემენ! ამაზე ორი აზრი არ არსებობს. კილომეტრებს გავდიოდი ისე, რომ არცერთი ყავის მაღაზია არ მხვდებოდა. რამდენჯერმე ბრასერიაში მოვითხოვე ყავა წასაღებ ჭიქაში, უმეტესობას არ ქონდა, ვისაც ქონდა კი, ჯობდა არ ქონოდათ, იმდენად ცუდი ყავა იყო. ერთხელ იმ დონეზე დავეცი, რომ ახლომახლო მდებარე სტარბაქსის ყავაც კი დავლიე. მოკლედ, ძალიან ცოტა ადგილია, სადაც ხარისხიანი ყავა ისმევა. ერთ-ერთი არის კაფე სტრადა, რომელიც იყო გამონათება ჩემს ერთკვირიან პარიზულ ვოიაჟში (ყავის მხრივ). (ამის საპირისპიროდ, კიევში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში, ჯიხურში, მაღაზიაში, ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტშიც კი იყიდება ყავა. აქედან ბევრგან - კარგი ყავა, დახვეწილი მრავალფეროვანი მენიუთი. გასაკვირი ამბავია.)

ბარები! პარიზის დათვალიერების და მრავალჯერადი კვების შემდეგ ბარების დრო დგებოდა. ჩვენი სახლი ახლოს იყო ქუჩასთან, სადაც მთელს ჩაყოლებაზე ახალგაზრდული ბარები იყო განთავსებული და სიცოცხლე ჩქეფდა. წინასწარ რამდენიმე ყველაზე კარგი შეფასებების მქონე კოქტეილ ბარი მოვინიშნე და საღამოებს ამ ბარებში ვატარებდით. დალევის და სოციალიზაციის კულტურამ გამაკვირვა. ყოველ საღამოს ყველა ბარი სავსეა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ახალგაზრდებით, მაგრამ არავინ არაა მთვრალი: ცოტას სვამენ და ძალიან ბევრს კონტაქტობენ. შესაბამისად, იმ ცოტა სასმელს ბევრად უფრო ყურადღებით არჩევენ. ხელნაკეთი (Craft) ლუდები და კოქტეილები განსაკუთრებით პოპულარულია ასეთ ბარებში (ღვინო რესტორნების თემატიკაშია). აღმაფრთოვანა ბარმენების სიმშვიდემ, მობილიზებულობამ და ზოგადმა პროფესიონალიზმმა. ბართან მდგომი 20-კაციანი რიგის მიუხედავად, საიდანაც ყველა სხვადასხვა და არც თუ ისე მარტივ კოქტეილს უკვეთავს, ახერხებდნენ ძალიან ლაღები, მომღიმარები და კონტაქტურები ყოფილიყვნენ, ისე, რომ შეკვეთებსაც ძალიან არ აგვიანდებოდა. როგორ?!

ორი ყველაზე გამორჩეული ბარი:

  • Le Syndicat (ანუ ფრაგულად “პროფკავშირი”) - მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ადგილობრივი ახალგაზრდების შეკრების ადგილი, სადაც ძალიან დახვეწილ და გემრიელ კოქტეილებს აკეთებენ. ატმოსფერო ოდნავ მოსაწყენი იყო, მაგრამ კოქტეილების დეგუსტაციისთვის აქ წასვლა ნამდვილად ღირს.

  • Dirty Dick! - პროვოკაციული სახელის მქონე ბარი. სრული სიგიჟე, საუკეთესო ბარი, რაც აქამდე ცხოვრებაში მინახავს! ძალიან მჭიდრო, ძალიან მყუდრო, ძალიან ბნელი, ძალიან ხმაურიანი და ხასიათიანი. კრეატიულად დაწერილი კოქტეილების მენიუ, ახალი, საინტერესო ინგრედიენტები, თამამი გაფორმებები და ნაფიქრი გემოები.

და ბოლოს, უდაოდ ყველაზე გამორჩეული გასტრონომიული გამოცდილების შესახებ:

Frenchie!

ფრენჩი, ეს არის ახლაგაზრდა ფრანგი შეფ-მზარეულის რესტორანი და მასთან არსებული ქუჩა. დიახ, მთლიანი ქუჩა აქვს ოკუპირებული სხვადასხვა დაწესებულებებით: რესტორანი, ღვინის ბარი, თეიქ ევეი სენდვიჩების ადგილი, თევზის მაღაზია, დესერტის მაღაზია და ა.შ. რესტორანში მოხვედრა ძალიან რთულია და წინასწარ თადარიგი დაჭერილი არ გვქონდა. ამიტომ მის გვერდზე უფრო უშუალო ატმოსფეროს მქონე იგივე ფრენჩის ღვინის ბარში ვცადეთ ბედი. რაღა თქმა უნდა, გატენილი დაგვხვდა და რიგიც არადამაიდებლად გამოიყურებოდა. მაინც მივედით, სიაში ჩაგვწერეს და დაახლოებით 1,5 საათში მოვა თქვენი რიგიო გვითხრეს. პარიზში ყველა კარგ რესტორანთან რიგია და ხალხი მორჩილად ელოდება თავის დროს. ჩვენც ჩავკალით ჩვენში ქართველობა და გადავწყვიტეთ დალოდება. რამდენიმე ახლომახლო ბარში გავიარეთ, ღვინო დავლიეთ და დროც გავიდა. 1,5 საათში მართლაცდა გამოჩნდა ორი პატარა ადგილი შემაღლებულ მაგიდასთან. კერძები ფრანგული არ არის, მსოფლიო სამზარეულოების ნაზავია. სამზარეულო პანორამულია და სწრაფ, მაგრამ ორგანიზებულ ფუსფუსს ადევნებ თვალს. 2 ძირითადი კერძი (პაპარდელე ბატკნის ხორცით და რავიოლი სოკოს სოუსით), 2 დესერტი (Banoffee Pie და ალუბლის პავლოვა) და 2 პორტუგალიური ღვინო შევუკვეთეთ მე და ჩემმა მეგობარმა. ერთი შეხევდვით არაფერი განსაკუთრებული ამ კერძებში არ არის, მაგრამ მათი გემოები იყო ენითაღუწერელი, კონცენტრირებული, კარგად შეხამებული და ორგაზმის მომგვრელი. ძალიან ცოტა დაგვაკლდა ტირილს, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით გაფართოებული თვალებით და აღმოგვხდებოდა ხოლმე “როგორ?”. პორციები არ იყო დიდი, მაგრამ ენის რეცეპტორებზე ფეიერვერკები ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

რამდენიმე დღეში ისევ ამ ქუჩაზე გავიარეთ, ამჯერად სენდვიჩების აღება გვინდოდა. მაგრამ ამის ნაცვლად, ფესტივალზე ამოვყავით თავი. ყველა მაღაზიიდან და რესტორნიდან გამოტანილი ქონდათ სხვადასხვა პროდუქცია და სრულიად უფასოდ უმასპინძლდებოდნენ ხალხს სენდვიჩებით, გრილზე შემწვარი იქვე დამზადებული სოსისებით, სალათებით, ხილით, დესერტებით, ღვინით და სასიამოვნო მუსიკით. ეს გამოცდილება ნამდვილად დიდხანს დარჩება ჩემს გონებაში.

და აუცილებლად დავბრუნდები!

რა არის ვისკი?

რა არის ვისკი?

ყავა და კოფეინი

ყავა და კოფეინი